
ვიღაცებს რომ ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, მათი პრობლემაა, ამ საკითხზე მათ ნაცვლად ვერ ვიტირებ, ჟურნალისტებმა უკეთ იცით, ვინ ტირის, არ მინახავს ატირებული მელია, რა გავაკეთო, — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხაბეიშვილმა უპასუხა კითხვას: „რეგიონებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებთ, რომ იქნება გამჭვირვალე პროცესი, მაგრამ თქვენს მოქმედ თანაგუნდელებს აქვთ განცდა, რომ არჩევნების მიზანია, მელიას ხალხი ჩამოშორდეს მართვის სათავეებს რეგიონებში. რეალურად, არის თუ არა ეს მიზანი?“
„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კაბინეტებში გადაწყვეტილებები ვეღარ და აღარ მიიღება. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ 63 მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩატარებაზე, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამას არ მიიღებს არც ხაბეიშვილი, არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან პარტიული თანამდებობის პირი, ამას მიიღებს ამომრჩეველი. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს და ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს, თუ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მას შეუძლია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ხაბეიშვილის ან მელიას მხარდაჭერა კი არა, მიიღოს ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს არის მნიშვნელოვანი. ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, ეს მათი პრობლემაა. მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ამ საკითხზე ვერ ვიტირებ. ბიძინა ივანიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი სამიზნე. მთელი წლები შევალიე ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, გულისხმობს თუ არა ნიკა მელიას.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ეს უტრირებულია“.
„თქვენ უკეთ იცით, ვინ ტირის. არ მინახავს მელია ატირებული, რა გავაკეთო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0