16/04/2024
20:35
პოლიტიკა
ვინმე თუ გეგმავს, აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.
პაპუაშვილის თქმით, ცუდი მინიშნებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„დევი ჭანკოტაძეს და ყველას მინდა მოგმართოთ, აქ რაღაც ძალიან ცუდი მინიშნებები მგონი, არ შეიძლება. არ მგონია, ვინმე გეგმავდეს ძალადობრივ აქციებს. თუ ვინმე გეგმავს, აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, მე ვერ წარმომიდგენია. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს? აბა რაზეა საუბარი. ხოდა, პროვოკაციები არ დაუშვათ, ვინც ხართ ხოლმე იმ აქციაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0