11/08/2022
14:53
პოლიტიკა
არ მეგულება ადამიანი, ვისაც ციხის პირობები მოუხდა და იქ გარკვეული პრობლემები არ შეექმნა - განცხადებები, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ათასობით ადამიანია, ვინც სააკაშვილმა აწამა“, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ მას სათანადო ყურადღება არ მიექცეს.
„არ მეგულება ადამიანი, ვისაც ციხის პირობები მოუხდა და იქ გარკვეული პრობლემები არ შეექმნა. ასეთი ადამიანი ათასობით იყო, რომლებიც სააკაშვილმა არა მხოლოდ ციხეში განათავსა, არამედ აწამა. მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილს სათანადო ყურადღება არ მიექცეს. თუ მისი ჯანმრთელობა დამატებით ჩარევას საჭიროებს, ჩვენი მედიცინა მოწოდების სიმაღლეზეა. ვაკვირდები და განცხადებები, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0