30/03/2023
13:49
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა მისთვის მიუღებელია.
კობახიძის თქმით, არავინ უნდა იმოქმედოს ორმაგი სტანდარტით. კობახიძე ამბობს, რომ არ ახსენდება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციური პარტის წარმომადგენლის განცხადება მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო კოორდინირებული, ფაშისტური შეტევა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ესეც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
„მთავარია, არავის ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები, ის უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს.
არიან სხვა სუბიექტები, მაგალითად, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული, ისინიც არიან ხოლმე შემჩნეული ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში, მაგრამ მათ მიმართ ასეთი პოლიტიკური კოორდინაცია არასდროს გვინახავს. შეგახსენებთ, როცა სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და მასზე იყო კოორდინირებული, ფაშისტური შეტევა, მას აცხადებდნენ მოღალატედ, მაშინ არ მახსენდება არც ერთი „ენჯეოს“, არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადება. აქედან ჩანს, რომ მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი. სადაც პოლიტიკურად სჭირდებათ ვიღაცის გაშავება, ისინი აქ არიან სრულად კოორდინაციაში, სადაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის დასაგმობი ქმედების დაგმობა, ისინი არიან ჩუმად. ეს მიუთითებს მათ ორმაგ სტანდარტზე, ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი. სადაც საჭიროა პოზიციის გამოხატვა, იქ სათანადო პოზიციას გამოვხატავთ. კეზერაშვილის კოორდინაცია პირდაპირ იკვეთება ამ ყველაფერში, მისი ცოლის ძმა უშუალოდ არის ჩართული ამ კოორდინაციაში. ყველა ქალზე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესს, პირდაპირ იკევთება პოლიტიკური ინტერესი და კოორდინაცია ამ საქმის ირგვლივ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0