25/02/2025
17:09

არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო, - განუცხადა ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, რადგან ბრიუსელის აზრით ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან.
„თქვენს ოპოზიციას რომ არჩევნები მოეგო, მაშინ ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია. რადგან არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასეა უნგრეთზეც. 15 წელია ხელისუფლებაში ვართ და განგრძობადი შეტევაა, ეს იმიტომ, რომ პატრიოტულ, კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ. საქართველოს ხელისუფლება შესანიშნავად მუშაობს. არ უნდა დანებდეთ იმის გამო, რომ ევროპიდან შეტევაა. ვფიქრობ, მალე პოლიტიკური ცვლილებები იქნება ევროპაში, როგორც შედეგი ვაშინგტონიდან მომავალი ახალი ტალღებისა და პატრიოტი, კონსერვატორული მთავრობები მეტად გაძლიერდებიან მომავალში. მე გუშინაც ძალიან მკაფიო ვიყავი, უნგრეთი გააგრძელებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფას. არ ვაპირებთ ამის შეწყვეტას“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
მისივე თქმით, ევროკავშირს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად გადაწყვიტონ, რაც ნიშნავს, რომ ეს წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაა და ჩვენ ჩვენით გადავწყვეტთ.
„ძლიერი გავლენაა გაიდლაინზე ბრიუსელიდან და ეს ცხადია, მაგრამ არაა სამართლებრივი ვალდებულება და ამიტომ არ მოხდება უნგრეთის მიერ ამის იმპლემენტაცია. მე ვეტო დავადე ასევე ქართველი პოლიტიკოსების, პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან ჩემთვის მიკერძოებული იყო. ასევე, მესმის, რომ ვერ მოიძებნა მტკიცებულება არჩევნების გაყალბებაზე საქართველოში. ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგვცეს დასკვნა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. ასე რომ, არ არის არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი ამ შეტევებისთვის. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა კარგი ახალი ამბავია. მე აბსოლუტურად წინააღმდეგ ვარ, რომ ევროკომისიამ თავის თავზე აიღოს ეს თანხები. მე ეს ძალიან ნათლად ვთქვი. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ უნდა დახარჯოს ძალისხმევა და ენერგია, რომ დაგვარწმუნოს სანქციების საჭიროებაში, რადგან ეს პრინციპის საკითხია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, რადგან ბრიუსელის აზრით ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან“, - განაცხადა მან.
0
0