
"არ არსებობს არცერთი საერთაშორისო კანონი, რომელიც უნდა იდგეს საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფოს კანონზე მაღლა", - ასე შეაფასა, ეკონიმიკის ექსპერტმა, დემურ გიორხელიძემ, ეროვნული ბანკის პოზიცია, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ - სანქციების განხორციელების თაობაზე. ეროვნული ბანკის პოზიცია არის შემდეგი, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ბანკმა დაუშვა გამონაკლისი, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
როგორც გიორხელიძემ, spacesnews-თან საუბარში განაცხადა, საქართველოს მოქალაქის დასანქცირება, მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ჩარჩოში შეიძლება მოექცეს და ამ შემთხვევაში, გარე ძალების გავლენა პოლიტიკური საფრთხის შემცველია.
"ერთადერთი ჩარჩო, რომლითაც უნდა შეფასდეს ოთარ ფარცხალაძესთნ დაკავშირებული მოვლენა - ეს არის სამართლებრივი ჩარჩო. კანონდამრღვევი ადამიანის მიმართ უნდა მოქმედებდეს კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობა. არ არსებობს არცერთი საერთაშორისო კანონი, რომელიც უნდა იდგეს საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფოს კანონზე მაღლა. ეროვნული ბანკის დასჯის მიზნით, ძლიერ მხარეებს შეუძლიათ მომართონ გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა. საფრთხე არის არა, იმდენად სამართლებრივი, რამდენადაც პოლიტკური.
ჩემი პოზიცია არის სუვერენისტული, ამას მოგახსენებთ, ვინმეს მიმართ სიმპათია-ანტიპათიის გარეშე. სხვაგვარად შეუძლებელია ავაშენოთ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა საზოგადოდ დამოკიდებულება-დამოუკიდებლობა ფარდობითი ცნებებია. არ არსებობენ, ისეთი ძლიერი საერთაშორისო აქტორებიც კი, რომლებიც რომელიმე სფეროში არ იყვნენ მნიშვნელოვნად დამოკიდებულნი გარკვეულ ფაქტორებზე. ყოველი გონიერი ხელისუფლება ხდვება, თუ სად წავიდეს კომპრომისზე, რადგან ის შეხებაში მოდის მრავალ დიდ და გავლენიან სახელმწიფოსთან. თუმცა ეს არ ნიშნავს ვინმეს მსახურებას, არამედ იმას რომ იყო გონიერი და მოქმედებდე საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით",-განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტმა, ასევე ისაუბრა, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე, რომელსაც მავნებლური უწოდა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულა.
"ვფიქრობ, ქართული ხელისუფლებები მეტად "გაჭედილები" არიან - მათ ვერ გაურკვევიათ რას ნიშნავს საკუთარი სახელმწიფო და რას რომელიმე იდეოლოგიის მიხედვით ორიენტირება.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის მავნებლური. ეროვნულმა ბანკმა გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა. შემოიღო ძვირი ფულის პოლიტიკა. რეგულაციების ცივილიზებულ ჩარჩოში მოქცევის ნაცვლად, ეროვნული ბანკი გახდა ორი-სამი კომერციული ბანკის მსახური. სებ-მა მისცა მათ ისეთი ოდენობის ფულის გამომუშავების საშუალება, რისი მაგალითიც მსოფლიოში არ არსებობს. წესით არა მხოლოდ ისინი უნდა ტოვებდნენ თანამდებობას, ვინც დღეს დატოვა ეროვნული ბანკი, არამედ ყველანი უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ დღევანდელი ხელისუფლება პროფესიული ნიშნით შეარჩევს ახალ კადრებს",- განაცხადა გიორხელიძემ.
ასევე, დემურ გიორხელიძემ, კომენტარი გააკეთა, სანქციებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების პოზიციაზე და განმარტა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითებების მიღმა.
"რაც შეეხებათ კომერციულ ბანკებს არ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც კერძო ბანკებს აქვთ უფლება მოქმედებდნენ უმაღლესი მარეგულირებელი ორგანოს მითითებების მიღმა. თუმცა, რეალურად, საქართველოში კერძო ბანკების სახით მახინჯი სტრუქტურაა შექმნილი, შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ საბანკო სექტორი - ეს მახინჯი წარმონაქმნი - გამოყენებულ იქნება, იმისთვის რაც მზადდება, კერძოდ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების სცენარისთვის. ამ მახინჯი საბანკო სისტემის მფლობელები უცხოელები არიან - ამიტომ, ჩვენ ვერ წავუყენებთ მათ ბრალდებას, რომ თქვენი ბანკები ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ გაღარიბებას იწვევს. ეს ბრალდება უნდა მიემართებოდეს ხელისუფლებას. რათქმაუნდა მრავალი ინტერესია, სახელმწიფო მექანიზმები მოშლილია. მათ შორის საბანკო სფეროში უამრავი გავლენის აგენტია ჩანერგილი - შესაბამისად, ყველაფერი მიმართულია არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების გაუმჯობესებისკენ, არამედ კლანური ინტერესებისკენ.
დღეს ვინც თანამდებობა დატოვა, გარბის ვითარების შეფერხებისთვის - თუმცა მე ვერ ვხედავ იმას, რომ ბანკის ფუნქციონირება შეფერხდეს. ზოგადად კი, მთლიანად სფეროა გასაწმენდი. ეროვნული ბანკის ყველა მაღალი თანამდებობის პირი ცალკეული ლობისტური ჯგუფის წარმომადგენელია. ამიტომაც თავში ქვა უხლია მას, ვინც წავიდა და იმასაც ვინც არ წასულა",- განაცხადა გიორხელიძემ.
ინფორმაციისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
0
0