
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა. ჯაფარიძე გირაოს გადახდას არ აპირებს
"სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ. არცერთი ლარის გადამხდელი არ ვარ და ეს ვუთხარი ამ პროკურორებსაც და მოსამართლეებსაც - არცერთ ლარს ეგენი ჩემგან არ მიიღებენ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საკითხზე განმარტება გააკეთა საქმის პროკურორმაც.
"მოცემულ შემთხვევაში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისგან მომდინარეობდა ორი საფრთხე - ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. ბუნებრივია, ამ საფრთხეებთან მიმართებით როცა ვსაუბრობთ, უნდა გამოვიყენოთ აღკვეთის ღონისძიება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი სათანადო ქცევა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში, არსებითი განხილვების ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას," - აცხადებს ნათია თათიაშვილი.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025