
დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.
„რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით. ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, – წერს ბოკუჩავა.
0
0