
აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. პუფები მიიტანეს და კარვები გაშალეს.
კარვის გაშლისას პოლიციამ დემონსტრანტებისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა, მომიტინგეებმა კარვის გაშლა მაინც მოახერხეს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
0
0