
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.
დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურორებმა ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. ბრალდების მხარის განცხადებით, კვლავ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
დაცვის მხარე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. მათი განცხადებით პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ არსებობს საფუძველი რის გამოც ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩნენ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა - 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება.
დღევანდელი სხდომა დატოვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა. დარბაზიდან მოსამართლემ გააძევა რევაზ კიკნაძე.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.
0
0