
აშშ-ის საიმიგრაციო აგენტების მიერ პალესტინელი სტუდენტის დაკავების შემდეგ „ტრამპ თაუერთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
აქციის მონაწილეებმა დაიკავეს მანჰეტენში, „ტრამპ თაუერის“ პირველი სართული. ფოიეში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები მაჰმუდ ხალილის მხარდამჭერი ტექსტებით.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის საიმიგრაციო აგენტებმა დააკავეს პალესტინელი სტუდენტი, რომელიც ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინურ აქციებს ხელმძღვანელობდა. არსებული ცნობებით, ხალილის ცოლი აშშ-ის მოქალაქეა, თავად მას კი აშშ-ში მუდმივი ბინადრობისთვის „მწვანე ბარათი“ აქვს.
პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მალევე, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება ანტისემიტიზმთან ბრძოლის შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებდა პროპალესტინურ დემონსტრაციაში მონაწილე იმ სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან. მაჰმუდ ხალილის დაკავებამდე ტრამპის ადმინისტრაციამ გაუუქმა კოლუმბიის უნივერსიტეტს 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები და გრანტები.
0
0