
ამერიკული გამოცემა „აქსიოსის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ფარგლებში არ გამორიცხავენ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განთავსებას.
როგორც „აქსიოსი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა დაადასტურა, რომ საომარი მოქმედებების შეჩერების შემდეგ, უსაფრთხოების პოტენციური გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში შესაძლოა, განლაგდნენ ამერიკული ჯარები.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ 15 აგვისტოს ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტი პირველად დათანხმდა, რომ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ, წარუდგინონ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, რათა შეაჩეროს რუსეთის შემდგომი აგრესია.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ეს გარანტიები მოიცავდეს უკრაინაში ამერიკული ძალების განლაგებას, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა უპასუხა: „დიახ“.
ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წევრმა თქვა, რომ ეს ჯერ არ არის ცნობილი და მოლაპარაკებებს პრესაში არ აწარმოებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად, როგორც კიევი, ისე მოსკოვი დათმობაზე უნდა წავიდნენ.
0
0