
აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის საუბრის მთავარი თემა დე ფაქტო საზღვრები იყო. ამის შესახებ „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ხუთსაათიანი შეხვედრა დელეგაციებს შორის რთული და დაძაბული იყო, თუმცა ნაყოფიერი. საუბრის მთავარი თემა კი ის იყო, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, სად უნდა გაავლონ დე ფაქტო საზღვრები რუსეთსა და უკრაინას შორის.
„აქსიოსი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რომელიც დღეს მოსკოვში ჩავა და რუსეთის ლიდერს შეხვდება, სწორედ ის ტერიტორიული საკითხები უნდა განიხილოს, რაზეც გუშინ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ისაუბრეს.
ასევე ცნობილია, რომ თავდაპირველად ერთსაათიანი შეხვედრა უფრო ფართო ფორმატში ჩატარდა, რომელიც შემდგომში სამი სამზე ფორმატში გადავიდა, რა დროსაც განიხილეს ტერიტორიული კონტროლის ხაზები.
ამერიკის მხრიდან სამი სამზე ფორმატში მონაწილეობდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ხოლო უკრაინის მხრიდან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი და სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი. შემდგომში კი, ერთი ერთზე მოლაპარაკებების ფორმატი გაიმართა უმეროვსა და უიტკოფს შორის, რის შემდეგაც უმეროვმა უკრაინის ლიდერს დაურეკა და მოლარაპეკებების შესახებ აცნობა.
„იყო დაძაბული, თუმცა არა ნეგატიური. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამერიკის სერიოზულ ჩართულობას. ჩვენი პოზიციაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავეხმაროთ აშშ-ს წარმატების მიღწევაში, ჩვენი ქვეყნის დაკარგვის გარეშე და კიდევ ერთი აგრესიის თავიდან ასაცილებლად“, – განუცხადა „აქსიოსს“ ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
0
0