
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა სიმცირის მიუხედავად, პროტესტს თავისი მნიშვნელობა აქვს.
მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი ლეგიტიმურია და სააკაშვილის საკითხის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია.
„ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩის პროტესტი არის აბსოლუტურად ბუნებრივი ფორმა. ქუჩის პროტესტი არის დემოკრატიული ფორმა. აზრი ტრიალებს, რომ ქუჩა რადიკალიზმია. ბუნებრივია, ჯობია, რომ ინსტიტუტებში წყდებოდეს საკითხები, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ საკითხები ინსტიტუტებში არ წყდება. არ ვამბობ, რომ თავები უნდა ვითვალოთ, პატარა აქციასაც თავისი დანიშნულება აქვს. ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ოღონდ გონივრული და კოორდინირებული, რაც საბოლოო ჯამში გამოიღებს შედეგს.
ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის მთავარი, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას. პოლიტიკოსებმა უნდა შექმნან ისეთი კალაპოტი, რომლის დროსაც ადამიანები გამოვლენ. მიხეილ სააკაშვილის თემა არის ის საკითხი, რომელზედაც ოპოზიციას შორის კოორდინაცია იქნება, რაც შეეხება სტრუქტურულ თანამშრომლობას, ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
0
0