აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ.
როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.
როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ - „რატომ ხართ აქციაზე“.
„ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 მოჭიდავე, ყველა იყო სპორტული აღნაგობის. ერთი ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასწრაფოს მანქანაშია. კინაღამ მოკლეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.
ინციდენტს რამდენიმე ოპოზიციური პარტია გამოეხმაურა:
„ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ევროპული პერსპექტივა.
კრიმინალების ნაწილი უკვე ამოცნობილია და ამოვიცნობთ ყველა დაჯგუფებას, დავადგენთ ყველა მოძალადის ვინაობას, ავტომანქანის ნომერს. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობა არათუ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას, არამედ მეტი სოლიდარობით, მოტივაციითა და შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0