-share.jpg)
ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთმა დაშავებულმა მონაწილემ ზაზა ბირიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. როგორც „ნეტგაზეთს“ დაშავებულის მეუღლემ მაია გორგოშიძემ განუცხადა, მას ასევე შუბლი და ცხვირი აქვს გახეთქილი და ტვინის შერყევის სიმპტომები აღენიშნება.
„ არ ვიცით რა მოხვდა, ექიმიც ვერ ამბობს. თითქოს იძახიან, რომ ტყვიები არ იყო გამოყენებულიო, მაგრამ მე არ ვიცი. ექიმმა მითხრა სხვა დროსაც შემოუყვანიათ თვალის დაზიანებითო, მაგრამ მსგავსი დაზიანება არავის ჰქონია. ეს რაღაც საშინელებააო. დამტვრეული კვერცხი გავამთელეო, ასე მითხრა. თვალის ბადურა მთლიანად ჩამოშლილია, უბრალოდ, თვალი თავის ადგილზე კოსმეტიკურად არისო. არანაირი შანსი არ არის, მხედველობა რომ აღუდგეს ცალ თვალში. მხოლოდ თვალი შენარჩუნდა, მაგრამ ექიმი მხედველობის აღდგენის იმედს არ გვაძლევს. შუბლი და ცხვირი აქვს გახეთქილი. ასევე აქვს დალურჯებები, ტვინის შერყევა, ღებინება და ამასთანავე, ის სიმპტომები, რაც ტვინის შერყევას ახლავს,“ - განუცხადა მაია გორგოშიძემ „ნეტგაზეთს“.
ზაზა ბირიაშვილი 7 მარტს, აქციის დარბევის დროს დაშავდა.
პროტესტი „ხალხის ძალის“ მიერ ორი კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ე.წ. ამერიკულ ვერსიად მოხსენიებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ინიცირებას მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ეს რეალურად 2012 წელს, რუსეთში მიღებული კანონის ანალოგი იყო და ისევე შეზღუდავდა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
0
0