01/05/2023
15:57
პოლიტიკა
აქციაზე ბევრი ადამიანი გულწრფელადაც მივიდა, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლისთავზე შენი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას რომ ითხოვენ, ეს სევდიანი საყურებელია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებს „ქართული ოცნება“ დაეხმარა.
„ბევრი გულწრფელადაც მივიდა, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლისთავზე შენი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას რომ ითხოვენ, ეს სევდიანი საყურებელია. თან იმ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომელიც მურუსიძის ღირსებას იცავს. 2012 წელს ამ ყველაფერს მეც ვითხოვდი, რადგან სისტემურად იყო რაღაცები გასააზრებელი. ახლა 2023 წელია და არა 2011 ან 2012 წელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გუშინ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „მოვდივარ!“ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი სლოგანი იყო – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებს რეზიუმეს სახით წერილი გააცნეს. როგორც აღინიშნა, წერილში არის გზავნილები, ჩამოყალიბებულია პოზიციები, რის გამოც აქციაზე შეიკრიბნენ.
0
0