
ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით
„ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს. როდესაც ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ და ვგმობთ საერთაშორისო ნორმების დარღვევის თუ უგულებელყოფის გამო, არ შეიძლება ისინი გამოიყენებდნენ იგივე ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნების ელჩები, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფოების დონეზე არ ერიდებიან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც არის სრულად სუვერენული უფლება ამ ქვეყნის”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ფედერაციასთან არ ერიდებიან ვაჭრობას, ამის გამო ისინი საქართველოს აკრიტიკებდნენ.
„ლიეტუვასთვის და ლატვიისთვის ორმაგი სტანდარტით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ეროვნულ ინტერესად იქცა და ისინი საქართველოსთან დამოკიდებულებაში აბსოლუტურად კარგავენ ობიექტურობას მაშინ, როდესაც თავად ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ ერიდებიან რუსეთთან ვაჭრობას და ურთიერთობებს, ჩვენ გვაკრიტიკებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის ცრუ ინფორმაციებზე და ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი ნაბიჯები ხელს უშლის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და იწვევს მის გაუარესებას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0