
Apple-მა ახალი მოდელები - USB-C დამტენი პორტით, iPhone 15 და iPhone 15 Plus, წარადგინა - 2012 წლის შემდეგ ტექნიკურმა გიგანტმა თავის ფლაგმანურ მოწყობილობაზე კონექტორი პირველად შეცვალა.
ცვლილება მოსალოდნელი იყო გასული წლიდან, როდესაც ევროკავშირმა მოითხოვა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ყველა პორტატულ ელექტროაპარატურას უნივერსალური კონექტორი უნდა ჰქონოდა, რათა შემცირდეს ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები და გაემარტივდეს მომხმარებლების ცხოვრება. Appl-ი აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, საბოლოოდ, 12 სექტემბერს კომპანიამ iPhone-ის შეცვლილი მოდელები წარადგინა.
როგორც Apple-ის წარმომადგენელმა კაიან დრენსმა განაცხადა, კომპანია Apple-ის ტრადიციული Lightning პორტის USB-C დამტენი პორტით ჩანაცვლებას გეგმავდა, რადგან ის „საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტად იქცა“.
Apple-მა ახალი მოდელები 48 მეგაპიქსელიანი კამერით წარადგინა, რაც განსხვავდება ყველა წინა მოდელის მონაცემისგან, რომელთაც 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ჰქონდათ.
iPhone-ის ახალი მოდელის ფერები იქნება: შავი, ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი. iPhone 15-ის ფასი 799$-დან დაიწყება, ხოლო iPhone 15 Plus-ის ფასი 899$-დან. ახალი მოდელები 22 სექტემბრიდან გაიყიდება.
კრიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მეთოდების შემუშავებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით, Apple-მა უდიდესი რეპუტაცია შეიმუშავა, კომპანიის ბიზნესზე მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მთელ მსოფლიოში დადგენილი მრავალფეროვანი რეგულაციები მნიშვნელოვნად აისახება.
Apple-ის iPhone-ის დიზაინის იძულებითი ცვლილების მხოლოდ ერთი მაგალითია Lightning პორტის ჩანაცვლება USB-C დამტენი პორტით. მსოფლიო მასშტაბით, მარეგულირებლები მკვეთრად განსხვავდებიან თავიანთი მიდგომით ონლაინ უსაფრთხოების რეგულირებისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის ახალი პოლიტიკის მიმართ.
გასულ კვირას, ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, Apple-ის ღირებულება 200 მილიარდი დოლარით დაეცა. შესაბამისად, ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე კომპანია გაყიდვების შეზღუდვის საფრთხის წინაშე დადგა. ინვესტორები შეშფოთდნენ, როდესაც ჩინეთის მთავრობამ სახელმწიფო მოხელეებს ამერიკული მოწყობილობების გამოყენება აუკრძალა. მათი ინფორმაცით, შესაძლოა აღნიშნულ შეზღუდვას უფრო ფართო ეფექტი ჰქონდეს.
„როგორც ნებისმიერი მსხვილი ტექნიკური კომპანია, Apple-ი თავისთავად თითქმის გეოსტრატეგიული აქტორია. მისი ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხდება. Apple-ი გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩინეთის მთავრობასთან ურთიერთობაზე, ნაწილობრივ ჩინეთში მიწოდების ჯაჭვისა და მისი მთლიანი წარმოების გამო, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ჩინეთი გიგანტური ბაზარია Apple-ისთვის“, - თქვა ტონი ბლერის ინსტიტუტის პოლიტიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ შარპსმა.
0
0