
83 წლის ასაკში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ანზორ საკანდელიძე გარდაიცვალა. ის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, გამსახურდიას ხელისუფლების დროს მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.
მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი), საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრის დოცენტად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, ფონიჭალის საშენი მასალების კომბინატისა და ლილოს რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხნის დირექტორი; მისი თაოსნობით ლილოს ქარხანასთან აშენდა სუპერპლასტიფიკატორების საამქრო, რომელმაც პირველად, ყოფილ სსრ კავშირში, გამოუშვა ბეტონების უნიკალური ქიმიური დანამატი; საფუძველი ჩაუყარა საქართველოში 500 და უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონების, აგრეთვე, "კმ-30", "სპკს-1", "სპკს-2" და "მსპ-20" მარკების სუპერპლასტიფიკატორების თეორიულ კვლევებსა და წარმოებაში დანერგვას; არის 8 გამოგონების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ქუთაისის №73 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). კალათბურთელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
0
0