
ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩასანაცვლებლად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევა სასურველ შედეგს არ გამოიღებს.
„შესაძლოა, დადგეს მომენტი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, თავისი ძალისხმევა აღარ გააგრძელოს ან, სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდება. მაშინ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ძალისხმევის გასაგრძელებლად და შევეცადოთ, მივაღწიოთ უკრაინაში სამართლიან, მდგრად მშვიდობას“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ამდენად, ანტონიუ კოშტას თქმით, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.
„ახლა ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ჩაშლა“, – განაცხადა კოშტამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრის მოწოდებაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
ამასთან, როგორც ანტონიუ კოშტამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ევროკავშირის მთავარი მიზანი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაა.
„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი წვლილი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა და უკრაინისადმი ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ჩანაცვლება და ჩვენივე ძალისხმევის განხორციელება მოგვიწევს უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირის სტრატეგიაა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა, რაც, კოშტას თქმით, რუსეთთან ენერგომატარებლების ფასებზე მოლაპარაკებებს არ მოიცავს.
მანამდე, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომის დასრულებისა და იაფი ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
0
0