
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირს სურს, უფრო მეტი გააკეთოს და შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება, მჭიდროდ ითანამშრომლოს კანადასთან.
როგორც ანტონიუ კოშტამ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირს ოტავასთან, რაც შეიძლება, ახლო ურთიერთობის განვითარება სურს. როდესაც მას სთხოვეს აეხსნა, თუ რას ნიშნავს „ასოცირებული წევრობა“, კოშტამ განაცხადა: „ეს კონცეფცია, არსებითად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვსურს მეტი გავაკეთოთ და კანადასთან, რაც შეიძლება, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ“. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ერთი პატარა პრობლემა – გეოგრაფიულად კანადა ევროპული ქვეყანა არ არის და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა არ შეუძლია.
ევროკავშირმა და კანადამ 2016 წელს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება, რომელიც CETA-ს სახელითაა ცნობილი, ძალაში მომდევნო წელს შევიდა, თუმცა მისი რატიფიცირება ევროკავშირის ათმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, იტალიამ და ბელგიამ არ მოახდინა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს კანადასთან ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ ვაჭრობა.
„ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ხელოვნურ ინტელექტში, კვანტურ ტექნოლოგიებსა და ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებში ინვესტიციების ჩადებაზე. ჩვენ შეგვიძლია, მათთან ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის გასაძლიერებლად, რადგან ჩვენ მსგავსი შეხედულებების მქონე და სანდო პარტნიორები ვართ“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.
ამასთან, კოშტამ მიუთითა მონრეალში 29-30 ოქტომბერს დაგეგმილ კანადა-ევროკავშირის სამიტზე, როგორც საკვანძო მომენტზე ოტავასთან მომავალი ურთიერთობების განსასაზღვრად. ცნობისთვის, გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მას სურს, კანადასთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ „კარი გაიხსნას ქვეყნისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობისკენ“.
0
0