იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა კიდევ ორ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს. ამჯერად, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი გააძევა.
„პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა მათ.
თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა სხდომა რამდენიმე საათის წინ საკუთარი ნებით დატოვეს, როცა ოპოზიციის სხვა წევრებს სხდომა დაატოვებინეს. თუმცა, ისინი მოგვიანებით სხდომაზე დაბრუნდნენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
0
0