09/06/2023
13:38
მსოფლიო
წყნარ ოკეანეში კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო (El Niño) იწყება, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, პლანეტაზე სითბოს მატებას გამოიწვევს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ელ-ნინიოს დაწყება დაადასტურეს. ექსპერტები ამბობენ, რომ, შედეგად, 2024 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იქნება. ისინი შიშობენ, რომ ეს მსოფლიოს ვერ დაეხმარება 1,5 გრადუსით დათბობის საკვანძო ეტაპის გადალახვაში.
ანომალიური მოვლენა ასევე იმოქმედებს მსოფლიო ამინდზე, გამოიწვევს გვალვას ავსტრალიაში, ჭარბ ნალექს [წვიმას] აშშ-ის სამხრეთით და ინდოეთში მუსონს შეასუსტებს. ეს მოვლენა, სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი ზემოქმედება შემცირდება.
თვეების განმავლობაში მკვლევარები სულ უფრო და უფრო დარწმუნდნენ, რომ წყნარ ოკეანეში ელ-ნინიო წარმოიქმნა.
„ჩვენი პროგნოზით, კლიმატური მოვლენის ნიშნები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვლინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის პიკს ამ წლის ბოლოს მიაღწევს თავისი ინტენსივობის თვალსაზრისით. ეს ბუნებრივი ფენომენი დედამიწის ნებისმიერ წერტილში კლიმატური სისტემის ყველაზე ძლიერ რყევაა“, - თქვა დიდი ბრიტანეთის Met Office-ის გრძელვადიანი პროგნოზების ხელმძღვანელმა ადამ სკაიფმა.
აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში ნათქვამია, რომ "ელ-ნინოს პირობები არსებობს - ეს ჯერჯერობით ძალიან სუსტი სიგნალია, რომელიც გაძლიერდება".
მკვლევარები თვლიან, რომ ამ წლის ბოლომდე კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო 84%-იანი ალბათობით გადააჭარბებს მსოფლიოზე მის ზომიერი ზემოქმედების ძალას.
1997-98 წლებში, ელ-ნინიომ 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი გამოიწვია, ქარიშხლებისა და წყალდიდობის შედეგად 23,000-მდე ადამიანი დაიღუპა.
0
0