
ევროკომისიაში ადასტურებენ ჩხრეკის ჩატარებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. ამასთან, ევროკომისიაში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ პოლიცია იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობებში და ეს არის წინა მანდატის დროს განხორციელებული საქმიანობის მიმდინარე გამოძიების ნაწილი. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ეს არის მიმდინარე გამოძიება“, -აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.
მანამდე, „ევროაქტივმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა. მედიასაშუალების ცნობით, საქმე ეხება ევროკავშირის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას. სამართალდამცავი ორგანოები ასევე იმყოფებოდნენ ბრიუგეში, „ევროპის კოლეჯში“. ჩხრეკა ჩატარდა ასევე კერძო სახლებშიც. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ამოიღო დოკუმენტები და დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტში. თვითმხილეველების თქმით, სამართალდამცველები ევროკავშირის საგარეო უწყებაში დღეს, გამთენიისას მივიდნენ.
0
0