
საქართველოში ჩვენ ვერ ვხედავთ ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშანს დემოკრატიის, თავისუფლებისა და იმ ღირებულებების კუთხით, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
ანიტა ჰიპერს დაუსვეს კითხვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ „რეპრესიული კანონების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს და „ქართული ოცნების“ წევრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ამით სურთ ევროკავშირის დახმარების შეწყვეტა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ“.
„არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ეს გადაბრალებისა და პროექციის კლასიკური ტაქტიკაა. სამწუხაროდ, ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ ვერ ვხედავთ არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშანს დემოკრატიის, თავისუფლებისა და იმ ღირებულებების კუთხით, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ სიტყვის თავისუფლება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც იცით, ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური ურთიერთობების დონე. ასევე, შევაჩერეთ ყოველგვარი პირდაპირი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და გავაუქმეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატების, მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით და ასევე, განვიხილავთ შემდგომ ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
0
0