
ახლა რასაც ვხედავთ, კიდევ ერთი მცდელობაა, ყურადღება გადაიტანონ ფაქტებიდან. მთავრობის მხრიდან მიჩვეული ვართ დეზინფორმაციულ პროპაგანდას, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანიტა ჰიპერმა უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს შეეხებოდა.
„მოდი, შევხედოთ ფაქტებს. 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა დემოკრატიულ უკუსვლას, ასევე უზრუნველყოფდა, რომ ეს საქართველოს მთავრობისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი ყოფილიყო, მოებრუნებინა კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტის უმრავლესობას იგივე პარტია წარმოადგენს და იმის ნაცვლად, შეცვლილიყო დემოკრატიისთვის მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, ეს ქმედებები მწვავდება ოპოზიციონერების დევნით, ჟურნალისტების დაკავებებით, მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმით. ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ასევე ოქტომბერში, დეკემბერში და მიმდინარე კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ ამ ქმედებების შედეგია, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელია“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლითაც, ტელეკომპანიის ცნობით, დასტურდება, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე, თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.
0
0