
თვითმმართველობის არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა, ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის ორი ოპოზიციური პარტიისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, „რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა“.
ამასთან, ანი წითლიძემ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება შეაფასა.
„ევროკავშირის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც პირველი დღიდან ვამბობდით, რომ ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი. არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, იყო გაყალბებული, 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ აკვირდებოდა.ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება აბსოლუტურად ლოგიკურია. 4 ოქტომბრამდე მათ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ დიქტატორულ პირობებში არ არსებობს არანაირი არჩევნები. ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, ამ გაკვეთილიდან ისწავლონ, რომ შედეგები, რაც დაუწერა „ოცნებამ“, ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“. ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია: „აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ“.
0
0