
რამდენიმე საათი ევროკომისიის შუალედური დასკვნის გასაჯაროებამდე - ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.
ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. შუალედური დასკვნის გასაჯაროვების პარალელურად, დღეს ბრიუსელში ვიზიტით ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდება.
სწორედ ამ წუთებში იწყება ევროკომისიის კოლეგიის შეხვედრა - 26 ევროკომისარი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით დახურულ კარს მიღმა გაფართოების წლევანდელ ანგარიშთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციებს კიდევ ერთხელ შეაჯერებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება დახურული სხდომა ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრის შემდეგ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჟურნალისტებს გააცნობენ თუ რა რეკომენდაციებს გასცემენ ისინი 10 ქვეყანასთან დაკავშირებით.
ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში არის პირველი გაფართოების პაკეტის ფარგლებში პირველი, რომელიც საქართველოს მიმართებით კეთდება.
"ეს არის გაფართოების პაკეტის ფარგლებში პირველი ანგარიში, რომელიც საქართველოს მიმართებით კეთდება და რა თქმა უნდა, ამ ანგარიშის ფარგლებში ასევე ევროკომისია დააფიქსირებს თავის რეკომენდაციას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ბუნებრივია შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის წარმომადგენლებთან და შეხვედრის საგანი იქნება ევროკომისიის ანგარიში, 12 პრიორიტეტის შესრულება," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი.
0
0