
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კიევის ხელისუფლებას ხარისხიანი მუშაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რომ ამჟამად უკრაინის მთავარი ამოცანა ენერგიაა.
"დღევანდელი საღამოს მდგომარეობით, უშუქობა უკრაინის ბევრ რეგიონსა და კიევში გრძელდება. საერთო ჯამში, გვყავს 6 მილიონზე მეტი აბონენტი. გთხოვთ, მოიხმაროთ ელექტროენერგია ზომიერად, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ენერგია გაქვთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემები მოგვარდა". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უძლეველ ცენტრებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის გათბობით აღჭურვილ და წყლით უზრუნველყოფილ თავშესაფრებს გულისხმობს. პრეზიდენტის თქმით, ამგვარი ცენტრების მოწყობის პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა, თუმცა ყველა რეგიონში მისი გამართულად და ეფექტიანად მართვა არ ხდება.
"უძლეველობის ცენტრები განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ, ვიცი, რომ სამწუხაროდ ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება თავის საქმეს კარგად არ ასრულებს. კერძოდ, კიევში ბევრი საჩივარია. მერიისგან უფრო ხარისხიან მუშაობას ველოდები.
კიევში უძლეველობის ცენტრებთან მიმართებით არასერიოზული და დამამცირებელი დამოკიდებულება არავის ეპატიება, ისევე როგორც სხვადასხვა დონის ანგარიშში მონაცემის გაყალბება. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ". - თქვა ზელენსკიმ.
გასულ კვირას ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება სპეციალური უძლეველი ცენტრები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, ინტერნეტი, მობილური ტელეფონის კავშირი და აფთიაქი უფასოდ მთელი დღის განმავლობაში.
ამასთან, პრემიერმინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინაში ყოველდღიურად 8 500-მდე ელექტრო გენერატორის კომპლექტი შემოდის.
0
0