
არ დამინახავს, ვინ დამაზიანა. ამ თემაზე გამოძიებასთან საუბარი არ მქონია, გამოძიებას ველოდები, - ამის შესახებ გდდ-ს თანამშრომელმა გურამ კვირიკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით იკითხება.
როგორც სპეცრაზმელმა გურამ კვირიკაშვილმა აღნიშნა, 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი პიროტექნიკით დაზიანება მიიღო, თუმცა არ დაუნახავს, ვინ დააზიანა.
ამის შემდგომ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა მოწმე სპეცრაზმელს ჰკითხა, ანდრო ჭიჭინაძის მიმართ აქვს თუ არა პრეტენზია, რადგანაც მისივე განმარტებით, ანდრო ჭიჭინაძე 1-ელ დეკემბერს 01:30 საათზე არ ყოფილა აქციაზე.
„ანდრო ჭიჭინაძის მიმართ პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ინტერესი მექნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დაუდასტურდება დანაშაული“,- განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა, გურამ კვირიკაშვილმა ადვოკატის საპასუხოდ.
ამასთან, მან ისაუბრა 30 ნოემბრის აქციის მოვლენებზე.
„პროტესტი თავიდან ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობდა, მერე მიიღო ძალადობრივი სახე, ისროდნენ ქვებს, დაიწყეს პიროტექნიკის სროლა. მივიღეთ მითითება, რომ წყლის ჭავლის მანქანას ჩაექრო ხანძარი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბარიკადებისგან გაეთავისუფლებინა, რადგან პარლამენტზე იგეგმებოდა თავდასხმა და შეჭრა. ჩვენი მიმართულებით და ასევე პარლამენტის მიმართულებითაც ისვრიდნენ.
საშინელება ხდებოდა, გამიზნულად ისროდნენ ჩვენი მიმართულებით. გვხდებოდა ძალიან ბევრი ნივთი. დაზიანება მივიღე, მხარში მომხვდა ჭურვი სასწრაფოთი გადამიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, ჩამიტარდა გადაუდებელი დახმარება”,- განაცხადა გურამ კვირიკაშვილმა.
მას ადვოკატმა გუჯა ავსაჯანაშვილმა ჰკითხა, დარბაზში მყოფი ბრალდებულებიდან, ხომ არ ამოიცნო რომელიმე და ასევე, ხომ არ შეუძლია კიდევ ერთი ბრალდებულის რევაზ კიკნაძის ამოცნობა, რომელიც დარბაზიდან არის გაძევებული.
„მე არც არაფერს უარვყოფ და არც ვადასტურებ… გარემოებიდან გამომდინარე მე არცერთ მათგანს არ ვიცნობ“,- განაცხადა სპეცრაზმელმა გურამ კვირიკაშვილმა და ადვოკატის დამატებითი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ წარმოდგენილი ბრალდებულების ამოცნობა მისთვის არც გამომძიებელს შეუთავაზებია.
„წეღან აღვნიშნე, რომ იდენტიფიკაცია არ შემიძლია. გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ვხედავდი… არ ვიცი, ვინ იყვნენ იქ და ვინ - არა…
როგორც პოლიციელი, ისე ვამბობ, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და მათი [პოლიციელების] მხრიდანაც“,- განაცხადა გურამ კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0