
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესზე ვასო აბაშიძის თეატრის ყოფილი მსახიობი გიგა დათიაშვილი დაიკითხა.
„კობახიძის განცხადების შემდეგ სპონტანურად გავედით რუსთაველზე, სადაც ანდრო ჭიჭინაძეს შევხვდი. 2028 წლამდე ევროკავშირთან ვწყვეტთ ყოველგვარ მოლაპარაკებასო, ასეთი იყო განცხადება. ჩვენი ადამიანური ამოსავალი წერტილი შვილების მომავალია, ანდროსაც ჰყავს შვილი, მეც. ასი, ორასიათასი ადამიანი მაინც იყო რუსთაველზე. თავიდან მე, ანდრო და ირაკლი ვიყავით. აქცია იყო მშვიდობიანი, სპონტანური, ხალხი თავის პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. თავიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეების მხრიდან პატრულის თანამშრომლების მიმართ აგრესია არ ყოფილა. პირველად ვითარება დაიძაბა, როდესაც ე.წ. რობოკოპები გამოჩნდნენ და პატრული ჩაანაცვლეს. გინება, მუქარები დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეთა აგრესიას იწვევდა და აქედანაც იყო რეპლიკები. ვითარებას ძაბავდნენ შავნიღბიანები. მორბენლები გამოეყოფოდნენ, იჭერდნენ, თავ-პირს ამტვრევდნენ, სცემდნენ. ზოგს არც აკავებდნენ, ნაცემებს ტოვებდნენ. 29-ში თითქმის არავინ დაუკავებიათ.
მშვიდობიანად როცა ხარ განწყობილი, პოლიციას არ აძლევ საფუძველს, ლეგიტიმაციას, დაიწყოს აქციის დაშლა. პროვოკატორები აფუჭებდნენ ვითარებას, პოლიციას ესროდნენ, რათა აქციის დაშლას ლეგიტიმაცია მისცემოდა. ეს იყო ჯგუფი. დიდუბის პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელმაც სამართალდამცველებს ნივთი ესროლა. ანდრო ჭიჭინაძე ძირითადად იცავდა ხალხს. მადლობა ამისთვის ანდროს და ბიჭებს. ახლოს მიდიოდა სპეცრაზმთან, აშველებდა, ეხმარებოდა ადამიანებს. ცდილობდა, კონფლიქტი არ მომხდარიყო. ანდრომ მითხრა, რომ სპეცრაზმელმა ბოთლი მესროლაო და კოჭლობდა. ოჯახური ღირებულებები, საერთო ღირებულებები გვაკავშირებდა – შვილების მომავალი. ანდრომ თქვა, სუს-იდან დასაჭერი ადამიანების სიამ გამოჟონა, რომელშიც ვარო. ვურჩიე თავის არიდება, მაგრამ მიპასუხა, არაფრის მეშინიაო და გააგრძელა აქციებზე სიარული. დავდიოდით ერთად. ანდრო ჭიჭინაძეს შეეძლო, იმ წამსვე დაეტოვებინა ქვეყანა, დამნაშავე, ალბათ, ამას იზამდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია. ანდრო ნიღაბს არასოდეს იკეთებდა, არც აირწინაღს. ანდრო ყველაზე გაწონასწორებული ადამიანია, აგრესიული ქმედება მისგან არ გამიგია. ამდენწლიანი მეგობრობის დროს მსგავსი ფაქტი არასოდეს ყოფილა“, – განაცხადა გიგა დათიაშვილმა.
ამ წუთებში კიდევ ერთი მოწმე, მსახიობი ანა ინგოროყვა იკითხება. როგორც მან განაცხადა, აქციის მონაწილეები არ ისროდნენ ნივთებს სამართალდამცველების მიმართულებით და ძალადობა პოლიციელების მხრიდან ხდებოდა.
ანა ინგოროყვამ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ ანდრო ჭიჭინაძე სამართალდამცველს თავს არ დასხმია და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
დღეს დაცვის მხარის სულ ოთხი მოწმე გამოიკითხება. ისინი ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები არიან. დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დაიწყო.
0
0