
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია „სიურპრიზს წარმოადგენს თავისი მკაფიო ანტაგონიზმით ევროკავშირის მიმართ“ და წარმოადგენს გეოპოლიტიკურ თამაშს, რათა ევროპას ხელი შეუშალოს, ოდესმე გახდეს ერთიანი ძალა.
მისი თქმით, ვაშინგტონის მიერ ევროპის სავარაუდო „ცივილიზაციური წაშლის“ წარმოჩენა არ არის დაფუძნებული ღირებულებებისა თუ დემოკრატიის მიმართ ნამდვილ შეშფოთებაზე, არამედ აშშ-ის მკაცრ გეოპოლიტიკურ გათვლებზე.
„ევროკავშირის ერთიანობა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
მან ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის იმ ნაწილებზე, რომლებიც ვაშინგტონს მოუწოდებს, „წინააღმდეგობა გააღვივოს“ ევროპის ქვეყნების შიგნით და იმუშაოს ნაციონალისტურ პარტიებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უფრო ღრმა ინტეგრაციას. ეს ენა მან განმარტა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ აშშ მზად არის „ებრძოლოს ევროკავშირს, ჩვენს ერთიანობით მიღწეულ ძალას“.
კუბილიუსმა აღნიშნა, რომ აშშ ახლა უფრო ერთიან ევროკავშირს განიხილავს, როგორც პოტენციურ გამოწვევას ამერიკის გავლენისთვის.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანტაგონისტური ენა ევროკავშირის მიმართ მომდინარეობს არა ამერიკული სენტიმენტალური ემოციებიდან „ძველი კარგი ევროპის“ შესახებ, არამედ ღრმა სტრატეგიული მოსაზრებებიდან“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
„ვიქონიოთ იმედი, რომ ამერიკაში იქნება საკმარისი წინდახედულება, რათა არ ებრძოლონ ევროპული ერთიანობის ძალას“, - დასძინა მან.
0
1