
დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი ან, სულ მცირე, მზად იყოს, დაიკავოს ძლიერი პოზიცია გეოპოლიტიკურ მოვლენებში, მათ შორის ჰქონდეს საკუთარი გეგმა, როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ეს გეგმა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილოს.
„ყოველ ექვს თვეში ჩვენ ვიღებთ ახალ გეგმებს და, გარკვეულწილად, მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ აქ ველოდებით, გავიგოთ, რა გეგმები მოვა ვაშინგტონიდან ამ წელს. გეგმები ასევე უნდა მოდიოდეს ბრიუსელიდან ან ბერლინიდან“, – თქვა კუბილიუსმა.
მისივე თქმით, ევროპას სჭირდება საკუთარი სამშვიდობო გემის შემუშავება, რათა მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ორი გეგმა – ერთი ევროპული და მეორე, შესაძლოა, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ მომზადებული“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ მიზანია ამ ორი გეგმით საუკეთესო შედეგის მიღწევა.
ამასთან, კუბილიუსის თქმით, ევროპას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის იმედი.
„საქმე იმაშია, გვჭირდება თუ არა რამე სახის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები და ინსტიტუციური მექანიზმები, რათა ვიყოთ მზად იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
0
0