06/03/2026
12:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები, და ფული მოიპარა.
„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ან მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ბანკის ორ მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, უკრაინამ უკვე გაგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებს აიძულებენ, უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ. მისი მტკიცებით, უნგრეთი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას“. „არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, - განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
0
0