
უკრაინა ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ პროგრესის მიღწევას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ლატვიელ კოლეგა ბაიბა ბრაჟესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფები სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს და კიევი სამშვიდობო წინადადებებში კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მომლაპარაკებელთა ჯგუფების შეხვედრა. რას ველოდებით? ჩვენი მოლოდინია კონკრეტული შედეგები, რათა პროგრესი იყოს მიღწეული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და უკრაინამ ეს არაერთხელ აჩვენა. დიახ, უკრაინული მხარე დაინტერესებულია უმაღლეს დონეზე კონტაქტით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის შეხვედრით, რადგან არსებობს მგრძნობიარე საკითხები, რომელთა განხილვაც მხოლოდ უმაღლეს დონეზე არის შესაძლებელი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანდრეი სიბიგამ პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეპარაციის სესხთან დაკავშირებით დადებითი შედეგის მიღება. ასევე, მნიშვნელოვანია გაყინული რუსული აქტივების ფაქტობრივი გამოყენება, PURL-ის პროგრამის გაფართოება და მასშტაბირება“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-ის ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, მშვიდობის მისაღწევად ძალის მეშვეობით. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას, რომ იზრუნოს საკუთარ მომავალზე, უზრუნველყოს სრული სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ძლიერი ინსტიტუტებისა და ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნება“, – აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
0
0
ხობში მამაკაცს ეძებენ
27/11/2025