
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.
„ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში.
რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, - წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, სანამ ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არა ერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულად, ყველამ ვიცით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
1