
ანდრეი ერმაკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„სამშვიდობო პროცესის დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება რეალურ ადამიანებს, რეალურ ბავშვებს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა და ყველა მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს“, - წერს ანდრეი ერმაკი.
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმაც მიიღო.
„ასევე, განვიხილეთ მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, რათა ომის დასრულების მიზნით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
0
0