
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის, ANO-ს ლიდერი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინასთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ, თუმცა უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის და ქვეყანაში ჯერ ომი უნდა დასრულდეს.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ანდრეი ბაბიში უკრაინას, ბაბიშმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი უკრაინას მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიის შემდეგ, დღეს კი ევროკავშირის გავლით ეხმარება.
მისი თქმით, ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტითაც, სადაც ოფიციალურ პრაღას დიდი ფული შეაქვს.
„უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. პირველ რიგში, ჯერ ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა, მაგრამ წევრობაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ბაბიშმა.
ცნობისთვის, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერმა ბიზნესმენმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა, თუმცა მისმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. საარჩევნო უბნების 99.5%-ის დათვლის შედეგებით, ბაბიშის პარტიამ ხმების 34.7% მიიღო, რითაც პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას კონსერვატიულ კოალიციას „ერთად“ დიდი უპირატესობით აჯობა, რომელმაც ხმების 23.2% მოიპოვა. პარტია ANO პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში 80 ადგილს დაიკავებს. „ბიბისის“ ცნობით, ბაბიში მოლაპარაკებებს დაიწყებს ორ მცირე მემარჯვენე პარტიასთან. ბაბიშს უმრავლესობისთვის ორივე პარტიასთან ალიანსი სჭირდება.
1
0