26/11/2024
16:41
სამართალი
„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი თამარ იაკობიძე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე საუბრობდა. მისივე განმარტებით, დანაშაულის კატეგორიას, სპეციფიკას და სიმძიმეს ითვალისწინებს, რის გამოც, ბრალდების მხარეს პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილად მიაჩნია.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, მოსამართლეს თავად შეეძლო ენახა ის დაზიანებები, რაც ბრალდებულს პოლიციელების მხრიდან აქვს მიყენებული.
ადვოკატის განმარტებით, ისინი ბრალდებულის მხრიდან ხელის მოქნევას არ უარყოფენ, თუმცა, ამას წინაპირობა ჰქონდა. ცუცქირიძის თქმით, გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ადვოკატმა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო პროცესზე თავადაც ისაუბრა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ.
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავის ქცევაზე აგოს პასუხი. არ არსებობს ეს ბრალი დამტკიცდეს. ერთ-ერთი გამორჩეული, მშრომელი ადამიანი ვარ, მიხედვა უნდა ჩემს ბაღს, მოწეულ პროდუქტს, ამით ვარჩენ ჩემს ოჯახს, ამისთვის ვცოცხლობდი, რომ ჩემი მომავლისთვის უკეთესი შესაძლებლობა მიმეცა.
მე მინდა მაგალითი ვიყო ჩემი შვილისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებებზე“, - განაცხადა გიგაურმა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0