
სიჩუმე არჩევანია, უმოქმედობა არჩევანია და მას შედეგები მოჰყვება, კარგი ამბავი ის არის, რომ მოქმედებაც არჩევანია და ეს ჩვენს ხელშია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე ანალენა ბერბოკმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისტორია გვასწავლის, რომ დიდი სისტემები იშვიათად ინგრევა ერთი დრამატულ მომენტში. ისინი ნელ ეროზიას განიცდიან. წესი წესს მიჰყვება, ვალდებულება ვალდებულებას, მაშინ, როდესაც მათი დამცველები მდუმარედ ყოფნას ამჯობინებენ, ვიდრე ერთ დღესაც ის, რაც მუდმივი გვეჩვენებოდა, უბრალოდ ქრება. ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა, წევრ სახელმწიფოდ ყოფნა, პასიურ მაყურებლად ყოფნას არ ნიშნავს. ჩვენ არ ვართ გვერდით მდგომი დამკვირვებლები, რომლებსაც აქვთ ფუფუნება, გვერდიდან უცქირონ, როდესაც უსამართლობა ვითარდება“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა სისტემას, უნივერსალურ დეკლარაციასა და გაერო-ს წესდებაში ასახულ პრინციპებს თითოეული ადამიანის მოქმედება სჭირდება, მათ შორის მთავრობების, დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და პარლამენტარების.
„ჩვენ ყველა გვჭირდება. გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ლიდერობა, პრინციპული პოზიცია, თქვენი გლობალური და რეგიონული თანამშრომლობა, რათა დავიცვათ, დავაფიქსიროთ და ვემხრობოდეთ გაერო-ს წესდების სამ პრინციპს: მშვიდობასა და უსაფრთხოებას, განვითარებასა და ადამიანის უფლებებს. ვიცით, რომ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და თითოეული ჩვენგანისთვის, ინდივიდუალურად და კოლექტიურად, სარგებელი მოაქვთ.
ადამიანის უფლებების პატივისცემა საჭიროა არა მხოლოდ აქ, საბჭოში შეხვედრების დროს, არამედ თქვენს ეროვნულ დებატებშიც – მაშინ, როდესაც პოპულიზმისა და სოციალური მედიის წნეხის პირობებში ვიღაც მოულოდნელად ეჭვქვეშ აყენებს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენციას ან იწყება ქორწინების ასაკის შემცირება, რაც, ფაქტობრივად, ბავშვთა ქორწინების დაკანონებას ნიშნავს; როდესაც ვრცელდება ანტისემიტური და ისლამოფობიური პროპაგანდა, რომელიც ცდილობს ჩვენი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის გადაწერას.
საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს მკაფიო ვალდებულება, რომ გაერო-ს ოფისი თავად გაერო-ს ეკუთვნის, მათ შორის პალესტინელთა მხარდამჭერი სააგენტოც და მათი სკოლები ამჟამად პალესტინელი ბავშვების განათლების უფლებას უზრუნველყოფენ. საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია, რომ უკრაინელი ბავშვების გატაცება ომის დანაშაულია. საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს მკაფიო ვალდებულება, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად და თავისუფლად გამოვიდნენ ქუჩებში დემონსტრაციებზე, მათ შორის ირანშიც.
საჭიროა, ყველა ჩაერთოს გაერო-ს რეფორმის პროცესში და საკუთარ თავთან მართლებივიყოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ფუნქციების დუბლირება არსებობს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტს შორის, ასევე დუბლირება არსებობს სხვადასხვა სააგენტოს შორის. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ რეფორმას ვახორციელებთ – ინსტიტუტის გასაძლიერებლად, გასაუმჯობესებლად და – არა დასასუსტებლად“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
0
0