
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლა თუ დადასტურდება, ნიშნავს, რომ გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, გახარია ამას რის ფასად აკეთებს, ცოტა ხანში გამოჩნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ბევრჯერ გვაქვს ნანახი – „პარლამენტს შიგნიდან დავანგრევთ“. გახარიას პარტიისგან ეს გამორიცხული და მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რა არის გახარიას მთავარი მიზანი და მათი ეს მოტივაციაც გასაგებია. ეს გახარიას ამომრჩევლისთვის იქნება მკაფიო სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც ქვეყანა, არც ამ ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ აინტერესებს პროტესტის არც ერთი მონაწილე ადამიანი, რომელსაც აკავებენ და ახლა ციხეში არიან. ფეხებზე ჰკიდია 130 პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ამ ქვეყანას ჰყავს და საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის შედის პარლამენტში. არ გამოვრიცხავ, ეს ასევე იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ვაჭრობოს ნაწილი. მათი მხრიდან პარლამენტში შესვლა თუ დადასტურდება, ნიშნავს, რომ გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა. რა იყო ეს შეთანხმება საბოლოოდ და გახარია ამას რის ფასად აკეთებს, ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება.
როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას, გახარიას ეს გადაწყვეტილება, პარლამენტში შესვლის შესახებ, პირველ რიგში, ღალატია პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანის, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც ციხეში არიან. მახსოვს, როგორი მშიშრები იყვნენ და როგორ ეშინოდათ, რომ ოდნავი წინააღმდეგობა გაეწიათ, ჩემი დასაცავი ხდებოდნენ ხოლმე ჩხუბის დროს. ვინმეს მოლოდინი, რომ მათ პარლამენტიდან შეუძლიათ „ქართული ოცნების“ დანგრევა, არ აქვს და ამის თვითონაც არ სჯერათ. მათი ერთადერთი მოტივაციაა „ქართულ ოცნებასთან“ ვაჭრობა. მათ შორის გახარია ელაპარაკებოდა „ოცნებას“, რომ იმის სანაცვლოდ, ის არ გააუქმონ და რაღაცნაირად იარსებონ, მზად იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაცია მიეცა და პარლამენტში შესულიყო. თუ დადასტურდება, რომ ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ, ეს იმის ნათელი მაგალითი იქნება, რაზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გახარია არასოდეს ყოფილა არანაირი ოპოზიცია. სამი წელი ვერ გაძლო ოპოზიციაში და სუპერ ძალოვანი მინისტრობიდან იქცა სუპერ მშიშარა, გაქცეულ ადამიანად, რომელიც ბერლინშია შეფარებული და პირს ბანს ბიძინა ივანიშვილს. რეალურად, ეს კიდევ ერთი ლუსტრაციის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა. საკრებულოში შესვლა სხვა ნაწილია, ამაზე ისედაც ამბობდნენ, რომ საკრებულოებში შედიოდნენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი მონაპოვარი რეჟიმთან ართანამშრომლობაა.
„ქვეყანას როდესაც საოკუპაციო რეჟიმი მართავს, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს, გარდა ართანამშრომლობისა. ვინმეს თუ აწყობდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა გამარჯვებული არჩევნები წაართვა, ეს შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელსაც ლეგიტიმაცია ჰაერივით სჭირდება და რასაც ახლა გახარია აკეთებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა. ამიტომ, ამ პროცესში ერთადერთი სწორი გზა იყო ართანამშრომლობა, რამაც მოიტანა ის, რომ დღეს ე.წ. ხელისუფლება არალეგიტიმურია და მას არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ ცნობს. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0