
ათონელზე მოხდა რაღაცა გაუთვალისწინებელი, რაზე საუბრის კომპეტენცია აქვთ მხოლოდ ორგანიზატორებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ იყო მომზადებული და სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით ყოფილიყო განხორციელებული. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იგულისხმებოდა ამ კომენტარში „ნაციონალური მოძრაობა“, წითლიძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესორობას უნდა შეეშვას.
მისივე თქმით, ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო პროფესორობაა.
„შეეშვან რაღაცა შეთქმულების თეორიებს. ღობესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მეც იქ ვიყავი ათონელზე და არასოდეს არ დამიმალავს ეს. ათონელზე ჩასვლა იყო დაგეგმილი და ჩავედით, მაგრამ რაც იქ მოხდა, ეს არ იყო გეგმის ნაწილი. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი შეეშვას პროფესორობას ამ ნაწილში-მეთქი. ადამიანები არიან ციხეში რუსული საოკუპაციო რეჟიმის შურისძიების შედეგად, მათ შორის ამ ნაწილში. კონკრეტული განმარტების გაკეთება თუ დასჭირდებათ, როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, დარწმუნებული ვარ, განცხადებას გააკეთებენ. ახლა იქ ვიღაცა ოპოზიციის ნაწილის და ოპოზიციის და ა.შ. – მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება არის მხოლოდ რაღაც უიმედო, უსაფუძვლო პროფესორობა“, – განაცხადა წითლიძემ.
0
0