
არჩევნები არ არის „ოცნების“, არჩევნები საქართველოს მოქალაქეების, როგორც ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს საკუთრებაა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები საქართველოს კონსტიტუციით არის ჩანიშნული და არ ეკუთვნის ირაკლი კობახიძეს.
„კონსტიტუცია არის საქართველოს მოქალაქეების, არჩევნები ჩანიშნულია საქართველოს კონსტიტუციით, არჩევნები არ არის „ოცნების“, არჩევნები არის საქართველოს მოქალაქეების, როგორც ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს. რაც არ უნდა შეეცადოს კობახიძე, რომ წარმოაჩინოს თითქოს კონსტიტუცია ან არჩევნები კობახიძისაა, შეიძლება, სარკესთან დგას და ასე ეუბნება საკუთარ თავს, სინამდვილეში ეს არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია კონკრეტული გადაწყვეტილებები ოპოზიციონერთა მხრიდან, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ თანმიმდევრობა ქართული პოლიტიკური სპექტრის გამოწვევაა, თუმცა სხვებზე კომენტარს არ გააკეთებს.
„ზოგადად თანმიმდევრულობა გამოწვევაა საქართველოს პოლიტიკურ ე.წ. ელიტაში, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციაში. თუმცა, არ მინდა სხვებზე ვილაპარაკო. პოლიტიკური პარტიისთვის დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, რომ ის იყოს თანმიმდევრული. პარტია დავაარსეთ 2021 წლის მაისში და იქიდან მოყოლებული არქივი რომ ამოიღოთ, მართლა ვამაყობ რომ ყველაზე თანმიმდევრული პარტიის წარმომადგენელი ვარ. საქართველოში მარტივია ამ თანმიმდევრულობიდან გადახვევა. არათანმიმდევრულობა დიდი გამოწვევაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ მათ ჰკითხეთ, ვინც არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებეს იღებს“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
0
0