
მაქვს ჩამოყალიბებული მყარი პოზიცია - ან გამარჯვება ან სიკვდილი! ყველაფრისთვის ვარ მზად აბსოლუტურად! 100%-ით! - მიმაჩნია, რომ უნდა გავწირო სიცოცხლე იმისთვის, რომ ეს რეჟიმი უახლოეს პერიოდში შეიცვალოს! - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
როგორც ფოფხაძემ განმარტა, საკუთრივ 4 ოქტომბერს რაღაც განსაკუთრებულს არაფერს უკავშირებს, მაგრამ მისივე თქმით, იქნება ბევრი ადამიანი, პროტესტი და “კიდევ ერთი გამოცდა რეჟიმისათვის, რომელსაც ის ან ჩააბარებს ან - ვერა“.
“1924 წლის აჯანყების დროს კაცს შეიძლება ჩაეთვალა, რომ ბოლშევიკური ოკუპაციის დამარცხების არანაირი შანსი არ იყო, მაგრამ ყველა ქართველის მორალური ვალდებულება აჯანყებაში მონაწილეობა იყო. რა თქმა უნდა, ქართველთა უმრავლესობას 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია. აჯანყებაში მონაწილეობა რჩეულთა გარკვეულმა ნაწილმა მიიღო და ეს ხალხი ყველა გმირია - ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი - უკლებლივ ყველა, ვინც ამ აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას. ეს იყოს ხალხი, ვინც ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის ბოლომდე იხდიდა ვალს. მიდიოდა მაქსიმალურ რისკზე და სიცოცხლეს წირავდა.
მე არ ვიცი, ეს რა დღეს შეიძლება მოხდეს და რამდენად სწორია გადამწყვეტი დღის დაანონსება. ეს ბრძოლის სწორი ფორმაა იმ ხალხისთვის, ვინც ამბობს: რუსთაველზე მაშინ დაგვიძახეთ, თუ რაღაცას აპირებთ.
მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, ვისაც რისი გაკეთებაც შეგვიძლია - მსხვერპლის მაქსიმალური გაღებით! მე აქ საკუთარ თავს ვგულისხმობ და არავინ ჩათვალოს, რომ ვსაუბრობ მსხვერპლზე სხვა ადამიანებთან მიმართებით! ჩემთვის მაქვს ჩამოყალიბებული მყარი პოზიცია - ან გამარჯვება ან სიკვდილი! ყველაფრისთვის ვარ მზად აბსოლუტურად, 100%-ით! მიმაჩნია, რომ უნდა გავწირო სიცოცხლე იმისთვის, რომ ეს რეჟიმი უახლოეს პერიოდში შეიცვალოს. თუ ეს მსხვერპლი ამ ეტაპზე შედეგს არ მოიტანს, ეს ჩემთვის არაფრის მაჩვენებელი არ იქნება. მზად ვარ, ჩემს თანამოაზრეებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმი დამთავრდეს. 4 ოქტომბერს რაღაც განსაკუთრებულს არ ვუკავშირებ, მაგრამ იქნება ბევრი ადამიანი, იქნება პროტესტი და კიდევ ერთი გამოცდა რეჟიმისთვის, რომელსაც ის ან ჩააბარებს ან ვერ ჩააბარებს.
1989 წლის 9 აპრილი რომ არ მომხდარიყო, არჩევნები შეიძლება “კომუნისტურ პარტიას“ მოეგო. რეჟიმი 89 წლის 9 აპრილმა დაამთავრა! ეს რეჟიმი უნდა ხვდებოდეს, რომ თუ არჩევნებს არ დანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გამოუშვებს, მას პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება. მოცემულობა არის ერთმნიშვნელოვანი - რა თვითმმართველობის არჩევნები?! როგორ უნდა მივიდე მე საარჩევნო უბანზე და ვიღაცას მივცე ხმა, როცა 60-მდე ადამიანი ციხეში უკანონოდ ზის და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ლეგიტიმურად არ მიმაჩნია. თუ ამბობ, რომ პარლამენტის არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არის არალეგიტიმური, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში რატომ უნდა იღებდე მონაწილეობას?! ამაში არანაირი ლოგიკა არ არის!“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას “არალოგიკურსა“ და “არათანმიმდევრულს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “ქართულ ოცნებას“ თავისუფლების სანაცვლოდ გაურიგდნენ.
კითხვაზე, რა აქვს სათქმელი ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთნენ, ფოფხაძემ განაცხადა, რომ საერთოდ არაფერი, რადგან ეს ხალხი მისთვის საინტერესო არ არის.
ფოფხაძის მტკიცებით, 4 ოქტომბერს არანაირი არჩევნები არ ტარდება და პროცესი, რაც არჩევნებად გამოაცხადეს, ერთმნიშვნელოვნად არის ფარსი.
“არაფერს პოზიტიურს ამ ხალხისგან არ ველოდებოდი და არ ველი. მაქვს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. ამიტომ მათზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებ.
არჩევნები არ არსებობს - არის ფარსი. ამ პროცესში მონაწილე, ვინც არ უნდა იყოს, არის “ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგის თანამონაწილე. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე შესვლა არის პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება. უკეთესი იქნება დღეს ადამიანებმა სხვა რამ გააკეთონ, ვიდრე საარჩევნო უბანზე მივიდნენ.
მათ საუბარში არანაირი ლოგიკა არ არის - რაღაცა გარემოებების გამო, რაც მათ სინდისზე იყოს, მიიღეს გადაწყვეტილება გააკეთონ ის, რაც “ქართულ ოცნებას“ სჭირდება.
ახლა “ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ცხოვრება არის არასწორი.
ჩვენ “ქართული ოცნების“ სახით მოღალატე, კოლაბორაციონისტული რეჟიმი გვყავს, რომელიც რუსეთს ემსახურება. მათ დღის წესრიგში რაიმე ფორმით მონაწილეობა არის არასწორი. მათ საქციელში ლოგიკა არ არის! ალბათ “ქართულ ოცნებას“ გაურიგდნენ თავისუფლების სანაცვლოდ - მე სხვა ახსნა არა მაქვს! მოილაპარაკეს, რომ ისინი ციხეში არ იქნებიან, ოღონდ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და იღებენ მონაწილეობას! ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს და ყველა იმ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მას მიაჩნია სწორად“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძემ ხელისუფლების მიერ ადგილობრივ არჩევნებში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიწვევას, “სიყალბე“ უწოდებს. მისი თქმით, “ირაკლი კობახიძისგან გასაკვირი არ არის თვალთმაქცობა, ფარისევლობა და ყველაფერი ცუდი, რაც ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს“.
“როცა ადამიანი გირეკავს და გეუბნება: - ხუთ წუთში ქეიფს ვაპირებთ და ხომ არ შემოგვიერთდებიო, როცა არ გაფრთხილებს, რომ თადარიგი დაიჭირო და იცოდე, რომ დაპატიჟებული ხარ, ასეთი დაპატიჟება არის სიყალბე და სიცრუე.
ეუთო/ოდურს თავისი ვადები ჰქონდა იმისათვის, რომ ამ პროცესში ჩართულიყო. ირაკლი კობახიძეს ვიცნობ - ის ყველაფრის მკადრებელი, ძალიან ცუდი პიროვნებაა. მას მორალური, ზნეობრივი და ყველაფერი ადამიანური აბსოლუტურად ატროფირებული აქვს. ჩათვალა, რომ მას ცხოვრებაში ეს არ სჭირდება - შესაბამისად ცხოვრობს და მოქმედებს. ასეთ სიტუაციაში დამკვირვებლების მოწვევა არ არსებობს!
ჩვენ იმაზე უნდა შევთანხმებულიყავით, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არჩევნები არ არის და ვინც მასში მონაწილეობს, ის ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებს ცუდს!
არასდროს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მეზარებოდა და არასდროს ადგილობრივი არჩევნები მეორეხარისხოვნად არ მიმაჩნდა. ვიყავი რეგიონალური პოლიტიკოსი, შედეგისთვის რაიონში ვიბრძოდი და ადგილობრივ არჩევნებს არასდროს გავურბოდი.
4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს - რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
0
0