20/01/2025
22:34
მსოფლიო
ამერიკა კვლავ იქნება მწარმოებელი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ის, რაც არც ერთ მწარმოებელ ქვეყანას არასდროს არ ექნება, ნავთობისა და გაზის უდიდესი რაოდენობა დედამიწაზე და ჩვენ გამოვიყენებთ ამას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ კვლავ იქნება მდიდარი ქვეყანა.
„ჩვენ კვლავ შევამცირებთ ფასებს, ბოლომდე შევავსებთ ჩვენს სტრატეგიულ რეზერვებს და ამერიკულ ენერგეტიკულ რესურსებს მთელ მსოფლიოში გავიტანთ. ჩვენ კვლავ ვიქნებით მდიდარი ქვეყანა და ამაში დაგვეხმარება ჩვენს ფეხთ ქვეშ არსებული „თხევადი ოქრო“. ჩემი ქმედებებით დღეს ჩვენ დავასრულებთ ახალ მწვანე შეთანხმებას და გავაუქმებთ „ელექტრომანქანების მანდატს“, რითაც გადავარჩენ ჩვენს ავტოინდუსტრიას და შევასრულებ ავტოინდუსტრიის ამერიკელი თანამშრომლებისთვის მიცემულ ჩემს წმინდა დაპირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ შეძლებთ თქვენი არჩევანის მიხედვით მანქანის შეძენას. ჩვენ კვლავ შევქმნით ავტომობილებს ამერიკაში იმ მასშტაბით, რაზეც ამერიკაში რამდენიმე წლის წინ არავის უოცნებია.
მე დაუყოვნებლივ დავიწყებ ჩვენი სავაჭრო სისტემის გადახედვას, რათა დავიცვათ ამერიკელი მუშები და ოჯახები. სხვა ქვეყნების გასამდიდრებლად ჩვენი მოქალაქეებისთვის გადასახადების დაკისრების ნაცვლად, ჩვენ დავუწესებთ ტარიფებსა და გადასახადებს უცხოურ ქვეყნებს, რათა გავამდიდროთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიზნით ჩვენ შევქმნით საგარეო შემოსავლების სამსახურს, რათა შევაგროვოთ ყველა ტარიფი, საბაჟო გადასახადი და შემოსავალი. ჩვენი ხაზინა მიიღებს ფულის უზარმაზარ რაოდენობას უცხოური წყაროებიდან. ამერიკული ოცნება მალე დაბრუნდება, აყვავდება, როგორც არასდროს, რათა აღდგეს ფედერალური მთავრობის კომპეტენტურობა და ეფექტიანობა. ჩემი ადმინისტრაცია შექმნის მთავრობის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0