15/05/2023
16:41
მსოფლიო
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში მოღვაწე ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორმა, ჯოზეფ დიტურიმ, წყალქვეშ ყველაზე ხანგრძლივად იცხოვრა და ამით მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
ჯოზეფ დიტურიმ, ფლორიდის კუნძულ კეი ლარგოს წყალქვეშ მდებარე 9.3 კვ.მ ფართობის საცხოვრებელში [9 მეტრის სიღრმის ლაგუნის ფსკერზე] 74 დღეზე მეტი გაატარა. ის გაჩერებას ჯერ კიდევ არ აპირებს. მან თქვა, რომ წყალქვეშა საცხოვრებელში, მინიმუმ, 100 დღე უნდა გაატაროს.
"ახალი აღმოჩენისადმი ცნობისმოყვარეობამ აქამდე მიმიყვანა. პირველივე დღიდან, ჩემი მიზანი იყო მომავალი თაობების შთაგონება, საუბრები იმ მეცნიერებთან, რომლებიც სწავლობენ წყალქვეშა ცხოვრებას და, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის სხეული ექსტრემალურ პირობებში“, - დასძინა მან.
პროფესორმა დიტურიმ, ფლორიდის კუნძულ კეი ლარგოს წყალქვეშ ლაგუნის ფსკერზე ცხოვრება 1 მარტს დაიწყო. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტისთვის, სახელწოდებით Project Neptune 100, იკვლევს, თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი ექსტრემალური წნევის ხანგრძლივი ზემოქმედებისადმი.
დიტურიმ აშშ-ის საზღვაო ძალებში 28 წელი იმსახურა, 2012 წლიდან კი სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ლექციებს ონლაინ რეჟიმში, ლაგუნის ფსკერიდან ატარებს. მეტი აქტივობისთვის პროფესორი ყოველდღე 05:00 საათზე იღვიძებს და ვარჯიშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის რეგულარულად მიირთმევს ცილებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა კვერცხი და ორაგული, რომელსაც მიკროტალღურ ღუმელში ათბობს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესომა ყველაზე ხანგრძლივი წყალქვეშა ცხოვრებით ახალი რეკორდი დაამყარა, ის მოხარულია, რომ მიწისზედა აქტივობებს დაუბრუნდება.
”ის, რაც ყველაზე მეტად მენატრება, ფაქტობრივად, მზეა”, - განუცხადა პროფესორმა Associated Press-ს.
წყალქვეშ გატარებული 100 დღის განმავლობაში პროფესორი დიტური ისეთ ახალ ტექნოლოგიებსაც გამოცდის, როგორიცაა ადამიანის სხეულში დაავადებების გამოსავლენი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა მედიკამენტების მიღება.
0
0