
ამერიკელი სენატორები ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავენ. თბილისში იმყოფებიან ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც „საქართველოს უკარგავს შანს“, გახდეს ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი.
როგორც ნაცვლიშვილმა მედიასთან სენატორთან შეხვედრამდე განაცხადა, საუბარი ექნება „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებაც კი არის „სერიოზული დარტყმა“ საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალზე.
„ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყოფზე საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის, უმნიშვნელოვანესია სენატორ შაჰინის ვიზიტი საქართველოში, როცა ის პირადად ჩამოდის, რომ ყველა მხარეს შეხვდეს და უშუალოდ მიიღოს პირველწყაროდან მოსაზრებები - იმის შესახებ, როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები და სად არის მწვავე გამოწვევები, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ჩვენი მთავარი წუხილი და საბრძოლველია ქვეყანაში.
ე.წ. ხალხის ძალის კანონპროექტს, რომელსაც ერთი სახელით მოვიხსენიებ - ეს არ არის არავითარი გამჭვირვალობის კანონპროექტი, ეს არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, შესაბამისად, დემოკრატიის გაუქმების კანონპროექტი.
არ მგონია, რომ მაჭარაშვილი, კაჭარავა ან რომელიმე წარმომადგენელი იმაზე უკეთ იცნობდნენ ამერიკის კანონმდებლობას, ვიდრე თავად ამერიკელები. თითქოს ეს კოპირებულია ამერიკიდან, არის დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუე. ეს კანონი არის რუსეთის კანონიდან კოპირებული, რომელმაც რუსეთში ფიზიკურად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოებები“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობილია ასევე, რომ სენატორები სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგელებსაც შეხვდებიან.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი - სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი - სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
0
0