
“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა.
ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები ხელს უწყობს ივანიშვილის პროპაგანდას, მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა ქართველი ხალხისთვისა და პოლიტიკური პროცესებისთვის შეურაცხმყოფელი და დამაზიანებელია.
"ეს ყველაფერი, რაც ხდება ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის თავს და ეს მანევრები - ჯერ გამოცხადება, რომ უკრაინელი ვარ და ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერევი, თარჯიმნით საუბარი და მერე უცებ თქმა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვება და პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება, ეს მასკარადი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის. ამას არათანმიმდევრულობაც კი არ ჰქვია. ამას ჰქვია, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს ერთს იტყვი, ხვალ მეორეს. როგორც ჩანს, ჩათვალეს რომ საზოგადოება და მათი მომხრეებიც ასეთები არიან, რომ ყველაფერს გადაყლაპავენ. გუბაზ სანიკიძით დაწყებული, თაკო ჩარკვიანით დამთავრებული… ყველა საკითხში შეიძლება, რომ ასე უპატივცემულოდ მოექცე საზოგადოებას? დაიქირაო პუტინისტური სულისკვეთების ადვოკატი, რომელსაც გზავნილები ექნება იგივე… Radisson-ში არ შევალ, იმიტომ რომ გეების სასტუმროაო, რომ იძახდა. მისი ადვოკატი იყო ხაჭაპურიძე, სააკაშვილის. კარგა ხანია, აღარ გამოჩენილა", აცხადებს ბოკერია.
ის აბსურდულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებას, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში სხვა მოცემულობაა და რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია. ბოკერიას თქმით, მსგავს თემებზე მსჯელობა აზრს მოკლებული და ალოგიკურია.
"სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა გაშიშვლდა და ამიტომ გადაწყვიტა მან [მიხეილ სააკაშვილმა] პოლიტიკაში დაბრუნება და იქამდე რომ ჩამოდიოდა, არა? იგივე ხალხი, ვინც, რა თქმა უნდა, თავად სააკაშვილის დაკვეთით იძახდა, რომ მხსნელი და მესია გვჭირდება და უნდა ჩამოვიდესო, ითხოვდნენ ამას და ყველას მოღალატედ აცხადებდნენ, ვინც ამბობდა, რომ ასეთი მესიანიზმი, თითქოს ვიღაც გარედან გვიშველის, არასწორია. ჩვენ ვიძახდით ამას. მე ვიძახდი და აი, არ გინდათ ჩამოსვლა, მოღალატეები ხართო. მერე ერთი ვაი-ვიში ჰქონდათ და შიმშილობას ახალისებდნენ. შემდეგ იყო ისტერიკა, თხოვნა, რომ გაუშვით და საქართველოს პოლიტიკაში არ ჩაერევა, აქციებსაც გააჩერებსო. ახლა ამბობენ, რომ ისევ ჩაერევა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. მე და სხვებმა ამაზე სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან პრინციპები ვიპოვოთ? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?
არ შეიძლება, რომ ერთ დღეს იძახდე - 100%-ით უკრაინელი ვარ და ფეხებზე მკიდია, საერთოდ აღარ მაინტერესებს… თქვენს ეთერში მისი ადვოკატი ამბობდა, ქართული არხებიც აღარ აინტერესებსო. რატომღაც, მერე ამას აღარ იხსენებენ. ჰგონიათ, რომ ეს არ ილექება და ჩვენი ქვეყნის მტერი ივანიშვილის რეჟიმი ამას ყველას დისკრედიტაციისთვის არ იყენებს? მერე ყველა ერთ ქვაბში იხარშება". - თქვა ბოკერიამ.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გუშინ განაცხადა.
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025