
„ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის“- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.
ბათიაშვილის თქმით, „ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი“.
„ამას არავინ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, მაშინ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი, დიდი დარტყმები მელოდა ამაზე, რომ მე ამას წინ უნდა აღვდგომოდი. მე უნდა დავპირისპირებოდი ამ საკითხში ხელისუფლებას და პირველი, რაც გავაკეთე, მახსოვს რუსთავი 2-ზე მივედი მაშინ. ვილაპარაკე, რომ დაუშვებელია ამის გაკეთება, ჯარის შეყვანა და განიარაღება მოსახლეობის, რომ ეს კონფლიქტი თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანად დარეგულირდეს და გადაწყდეს. იქ ერთი ადამიანიც რომ გაეგზავნათ და საუბრის საშუალება მიეცათ, ეს კონფლიქტი [ადგილობრივ მოსახლეობასთან] გადაწყდებოდა. ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მაშინ ბევრჯერ გამოვედი, ჩემი მძაფრი პოზიცია გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით და ჯერ დამიბარეს პროკურატურაში, მოწმის სახით დამკითხეს და მერე უკვე მოვიდნენ სოდი-ს თანამშრომლები ჩემთან სახლში, რომ უნდა მობრძანდეთო მოდულის შენობაში ბრალის წარსადგენად, ანუ, დასაპატიმრებლად. მაშინ არავინ შევაწუხე, ტაქსი გავაჩერე, ჩემი ფეხით მივედი იქ, სადაც უკვე ბრალი წამიყენეს სრულიად აბსურდული. ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი“, -განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
0
0